აღმოსავლეთ პარტნიორობის მუნიციპალიტეტები 2050 წლისთვის ემისიებს 60%-ით შეამცირებენ

22 ნოე 2024
გააზიარეთ:

მერების შეთანხმება – აღმოსავლეთის (CoM East) ხელმომწერები შეთანხმების გლობალური საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2050 წლისთვის სათბურის გაზების ემისიებს 1990 წლის დონესთან შედარებით მინიმუმ 60%-ით შეამცირებენ.

ინიციატივა ამჟამად აერთიანებს 369 მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც რეგიონის მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს.

ამ ამბიციური მიზანის დასახვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კლიმატ-საქმიანობის, ევროპული მწვანე შეთანხმებისა და პარიზის შეთანხმების მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით.  ასეთი გადაწყვეტილება ხაზს უსვამს რეგიონის ერთგულებას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირებისა და მდგრადი ურბანული განვითარების, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის საკითხებში.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის ემისიების 60%-ით შემცირების ახალი გრძელვადიანი მიზნები გარდაიქმნება კონკრეტულ მოთხოვნებად. აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის ახალი ხელმომწერები დაისახავენ განახლებულ მიზნებს. კერძოდ კი, მუნიციპალიტეტები, რომლებიც საბაზისო წლად იყენებენ 2005 წლის შემდგომ წელს, 2050 წლისთვის 40%-დან – 60%-მდე[1] შემცირებას უნდა მიაღწიონ.  ამავდროულად, არსებული ხელმომწერები ინარჩუნებენ 2030 წლის ვალდებულებებს  ახალ მიზნებთან შესაბამისობის წახალისებით.

როგორც ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური მშენებლობის დირექტორატის დირექტორმა ადრიენ კირალიმ განაცხადა:

“ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჩვენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქების მტკიცე ვალდებულებას კლიმატური ქმედებების მიმართ. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ჩვენს მუნიციპალურ პარტნიორებს ამ ამბიციური მიზნების მიღწევაში. ამ თამამი მიზნების დასახვით, მერების შეთანხმების ხელმომწერები არა მხოლოდ ებრძვიან კლიმატის ცვლილებას – ისინი გზას უხსნიან უფრო მდგრად, სტაბილურ და წარმატებულ თემებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.”

CoM East-ის სამდივნო და ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) მხარს დაუჭერენ ამ გარდამავალ პროცესს მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს, ტექნიკური დახმარებისა და ეროვნული და ადგილობრივი ვალდებულებების ჰარმონიზაციის უზრუნველყოფით.


[1]თუ საბაზისო წლად შერჩეულია 2005 წლის შემდგომი წელი –  40%;  ხოლო 60% – თუ საბაზისო წლად შერჩეულია 1990 წელი.